რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობაზე 250 მილიონი ევრო დაიხარჯება

1011

წინა სტატია

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) ვიცეპრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ გამოყოფილი 250 მილიონი ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.

“ჩვენ ვაფასებთ “ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ თანამშრომლობას. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ “ევროპის საინვესტიციო ბანკი“ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორი საქართველოსთვის და ჩვენ მასთან ურთიერთობის გამორჩეული ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ სწორედ “ევროპის საინვესტიციო ბანკის“ გავლით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საგზაო დერეფნის თვალსაზრისით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები და ა.შ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ გამოყოფილი 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, კერძოდ, – რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ჩვენ ასევე მივესალმებით ბანკის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ჩემი მთავრობისთვის განათლების სექტორის რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიორიტეტია და მასთან ასოცირებული პროექტების განვითარება პრიორიტეტია. მე დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ევროპული კომპანია მოვიზიდოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც დაგვეხმარება გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში. იმედი გვაქვს, ბანკი გააგრძელებს ქვეყანაში რეფორმების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა“, – აღნიშნა პრემიერმა.