გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მედიასთან ურთიერთობის გააქტიურებას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გელა კაპანაძე ფიქრობს, რომ სააგენტოს საქმიანობა საზოგადოებაში სათანადოდ არ ჩანს, რაც გამოსასწორებელია.
“სააგენტოში გარკვეული ცვლილებები თავიდანვე დავაანონსე. მათ შორის ვამბობ იმასაც, რომ შტატები გაბერილია, მაგრამ პიარის გუნდის შექმნა და ამ მიმართულების გაძლიერება აუცილებლად მიმაჩნია. ვიქტორ ქარქიშვილთან ერთად ვაპირებ, რომ პიარის ჯგუფში რამდენიმე ადამიანი კიდევ დავასაქმო, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულები იქნებიან იმ საქმეებისა და პროექტების პოპულარიზაციაზე, რასაც სააგენტო გეგმავს და ახორციელებს. ამ დრომდე ეს გუნდი სააგენტოს არ ჰყოლია და ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში აუცილებლად იქნება”, – აცხადებს გელა კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნების დროს “რესპუბლიკური პარტიიდან” პროპორციული სიის პირველი ნომერი ვიქტორ ქარქიშვილი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაასაქმეს.
გელა კაპანაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვიქტორი საკმაოდ აქტიური ადამიანია და სწორედ ეს გახდა მთავარი საფუძველი, რომ აღნიშნული საქმე სწორედ მისთვის ჩაებარებინა.