რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტაში, ამ ეტაპზე 8 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ახმეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, პროექტების განსახორციელებლად 1 499 690 ლარია გამოყოფილი.
“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტაში 8 პროექტია დაფინანსებული. პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია დუისი-წინუბნის დამაკავშირებელ გზის, ქალაქ ახმეტაში ოდელაშვილის, ევდოშვილის, ბარათაშვილის, მარჯანიშვილისა და ახმეტის ქუჩების რეაბილიტაცია, სოფელ მატანსა და სოფელ აწყურში კი ჭაბურღილები მოეწყობა. პროექტების ღირებულება 1 499 690 ლარს შეადგენს. რამდენიმე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ზოგზე კი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოვაცხადეთ. მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი პროექტი უნდა წარვადგინოთ“, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.