კახეთში, ბორჯომსა და აჭარაში ნარჩენების მართვის საკითხებზე სემინარები ჩატარდა

764

ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კახეთში, ბორჯომსა და აჭარაში საქართველოს მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ნარჩენების მართვის საკითხებზე სამი ორდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარებს საქართველოს 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო.

“სემინარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება”, – განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები განიხილეს, ასევე, გაეცნენ ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკას, საუკეთესო გამოცდილებას და საქართველოს გამოწვევებს ამ მიმართულებით. ამასთან. მიმოიხილეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შედის. აგრეთვე, იმსჯელეს ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ნარჩენების მართვის კუთხით.

“ევროკავშირისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კარგი გარემოსდაცვითი პირობები უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოში მიმდინარე პროგრამების 10%-ზე -მეტი გარემოს დაცვას ეხება. მაგალითად, ნარჩენების მართვის სფეროში ჩვენ საქართველოს ვეხმარებით თანამედროვე ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტების მოწყობაში, აგრეთვე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, რაც კომპანიებს საკუთარ ნარჩენებზე პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია მიღებული. თუმცა, ეს ძალისხმევა წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ საზოგადოება ამ საკითხებზე სათანადოდ იქნება ინფორმირებული და შესაბამის პროცესებში ჩართული. საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს თქვენთან ერთად მუშაობისა და ამ საქმეში წვლილის შეტანის შესაძლებლობა“ – აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

“ნარჩენების მართვის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობა, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მედიას. თუმცა, საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისა და მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის საჭიროა თვით მედიის წარმომადგენლების გაცნობიერება ამ სექტორში. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით, მედიის წარმომადგენლები ეცნობიან საკითხის პრობლემატიკას და იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებების, საერთაშორისო პრაქტიკის და სხვა მათთვის საინტერესო მოვლენების შესახებ,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პროექტის და მის ფარგლებში ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული მიმდინარე ღონისძიებების შეფასების დროს.

“ორდღიანი შეხვედრები მოეწყო პროექტის “ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

სემინარების მთავარი მიზანია ჟურნალისტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებში, მათ შორის ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოს, კანონის აღსრულების, ინფორმაციის წყაროების, ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების ზემოქმედების, ჯარიმების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ახალის კონცეფციის და სხვა საკითხების შესახებ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.