ქალაქ გორში, პარკირების ნებართვის მისაღებად, ელექტრონული სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება და ის სავალდებულო ხდება. მძღოლებს აბონემენტის შეძენა ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე შეეძლებათ.
მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ავტომფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ.
კომპანია ,,სერვისჯგუფის“ წარმომადგენლები, ქვეითად და მოტოციკლეტებით, ქალაქში იმოძრავებენ და პარკირების ადგილებს მონიტორინგს გაუწევენ. ელექტრონულ ბაზაში ავტომობილის მონაცემებს გადაამოწმებენ.
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით გამოწერილ ჯარიმის ქვითრებს დამრღვევი მძღოლები ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
პარკირების სისტემა, რომელიც გორში უნდა ამოქმედდეს, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების სისტემების ანალოგიაა.