ახალციხის ბაღებში მშობლებს ზეიმებზე დასწრება აეკრძალათ

1471

ახალციხის ბაღებში, გარდა გამოსაშვები ღონისძიებისა, ზეიმებზე მშობლების და ოჯახის წევრების დასწრება აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ბავშვების დაბადების დღეებზე ბაღებში ტორტების მიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ბაღებში ზეიმები თითქმის ყველა სეზონზე – საახალწლოდ, საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ ეწყობა. ასევე, იმართება გამოსაშვები ღონისძიება, იმ აღსაზრდელებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლას ამთავრებენ.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ზეიმებზე ლამაზი კაბებისა და მორთულობების გამო ბევრი ბავშვი იჩაგრებოდა, რადგან ახალი ტანსაცმლის ყიდვის, ან ქირაობის საშუალება ყველა მშობლეს არ ჰქონდა.

“ლამაზი კაბები კარგი იყო და მეც მომწონდა, მაგრამ ზოგს ამისი საშუალება არ ჰქონდა და განიცდიდა. გარდა ამისა, ზოგი ბავშვი ზეიმზე მშობელს რომ ხედავდა, ტირილს იწყებდა და ლექსს აღარ ყვებოდა. არადა მე ძალიან მომწონდა ღონისძებებზე დასწრება“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

გარდა ზეიმებზე მშობლების დასწრებისა, ბაღებში, ასევე, ბავშვების დაბადების დღეებზე ტორტების მიტანაც აიკრძალა. ამის შესახებ საბავშვო ბაღებში ინფორმაცია გამოკრულიცაა, მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე მშობელი ტორტს მაინც მიიტანს, ბაღის მენეჯერი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციიდან საყვედურს მიიღებს. ზეიმებისგან განსხვავებით, ეს აკრძალვა მშობლების დიდი ნაწილისთვის მისაღებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბავშვები ზეიმებზე მშობლების დანახვისას ტიროდნენ, იძაბებოდნენ და ღონისძიებების ფორმატი ამიტომ შეცვალეს.

“შეცვლილი ფორმატით ჩავატარეთ საახალწლო ზეიმები, გვყავდა თოვლის ბაბუა და ფიფქია, გაერთნენ ბავშვები. რაც შეეხება ტორტებს, დიდი ხანია აკრძალულია დაბადების დღეების აღნიშვნა ბაღებში. ასევე, აკრძალულია სხვა ნებისმიერი პროდუქტის შეტანა სააღმზრდელო დაწესებულებებში. ამ საკითხზე მენეჯერები გაფრხილებულები არიან“, – აცხადებს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელძღვანელი მარინა მერაბიშვილი და ამატებს – “თუ ვინმე ბაღში სხვა პროდქუტს შეიტანს, მენეჯერს პირველ რიგში გაფრთხილებას მივცემთ, შემდეგ კი სხვა ღონისძიებებს მივმართავთ“.

მერაბიშვილის თქმით, ამ დრომდე გაფრთხილება არცერთი საბავშვო ბაღის მენეჯერს არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ბაღების გაერთიანებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის მომენტიდან დაიწყოს ბავშვებისთვის თანასწორობის და ადამიანის უფლებების ღირებულებების სწავლება არა თეორიულად, არამედ შეგრძნებების დონეზეც კი. თუ ერთ მშობელს აქვს შესაძლებლობა და დაბადების დღეზე ძვირფასი ტორიტით აღუნიშნავს, მეორე ბავშვს ალბათ ექნება გულისწყვეტა, რომ მის მშობელს ამის საშუალება არ აქვს. ეს გადაწყვეტილება ასეთი უთანასწორობის გამოვლენის საშუალებას ამცირებს. ბაღის ასაკიდან უნდა იცოდნენ პატარებმა, რომ არავინ არ არის არავისზე უპირატესი, ყველა განსხვავებული ვართ, მაგრამ ყველა თანასწორი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 26 საბავშვო-ბაღია, სადაც 2 024 აღსაზრდელი სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ბათუმის საბავშვო ბაღებშიც დაწესდა.