საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგების დაწყებამდე ყველა ბაღში საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი. ბათუმის ბაღების გაერთიანებამ წელს მიდგომა შეცვალა. ამასთან, საშობაო ღონისძიებები დიდი აუდიტორიის ნაცვლად, მცირე მასშტაბებით ჩატარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
“ვფიქრობ, მშობლებმა თოვლის ბაბუას საჩუქარი ბავშვებს სახლში, ნაძვის ხესთან უნდა დაახვედრონ. არ არის აუცილებელი ბაღში მიტანა სხვის დასანახად, ყველას არ აქვს ერთნაირი საშუალება. ბაღი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ყოველგვარი საჩუქრების და მატერიალიზმის გარეშე უბრალო ღონისძიება ჩატარდება. ნაძვის ხეს ჩვენ მივიტანთ, ასევე, სათამაშოებს, განათებებს, “წვიმებს“. საჩუქრები კი ოჯახებში მიართვან თავიანთ შვილებს. ეს არის ჩვენი პოზიცია.
ღონისძიება უნდა იყოს თავისუფალი და ბავშვზე ორიენტირებული. პატარები თვითონ უნდა გაერთონ და მიიღონ სიამოვნება. არ არის საჭირო ”გაწვრთნილი ბავშვების” დემონსტრირება. ღონისძიება არ აკრძალულა. ჩვენი სურვილია მშობლები ზეიმს არ დაესწრონ, მაგრამ ასე რადიკალურადაც არ გვინდა რაღაცები შევცვალოთ. სადაც ექნებათ სურვილი ალბათ დაესწრებიან. ახალი მიდგომაა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოგონილი არ არის. აქტივობა იქნება, ღონისძიება იქნება, მაგრამ თავისუფალი მიდგომებით“, – ამბობს ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი.
ბაღის პედაგოგებისთვის საჩუქრების მიტანა და საჩუქრებისთვის თანხის შეგროვება არც აქამდე იყო ნებადართული, თუმცა წელს მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს კატეგორიულად აიკრძალა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2018 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.