ისნის რაიონში, ნავთლუღში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N153-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის ირგვლივ, ახალი ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, 500 კვ.მ. ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგო.
საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “არსაკიძე 2000-მა” შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო.
ამასთან, როგორც გამგეობაში აცხადებენ, გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსებით, წყალარინების ქსელი და ახალი საკომუნიკაციო ჭები მოეწყო.
საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
“როგორც წესი, ყველა პროექტს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ცენტრალურ გზებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია შიდა გზების მოწესრიგება და საცხოვრებელი გარემოს კეთილმოწყობა. გასულ წელს, ამ მისამართზე მთავარი პრობლემა მოგვარდა, წყალარინების ძველი ქსელი მთლიანად შევცვალეთ და როგორც ადგილობრივებს დავპირდით, წლის დასაწყისშივე სალოსის N153-ში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა სრულიად მოვაწესრიგეთ. დღეს, აქ გადაადგილება ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.