დენის ეკონომიის გამო გორის სოფელ მარანას სასმელი წყალი დღეში 2 საათით მიეწოდება

1286

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანას მცხოვრებლები სასმელი წყლის უქონლობას უჩივიან და აცხადებენ, რომ სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა სოფელს სასმელი წყალი დღემდე გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი ავრცელებს.

“წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის და ისიც ნახევარი ან ერთი საათით. ხან კი კვირები არ არის. მაგალითად, ამას წინათ ორი კვირა არ იყო და საბავშვო ბაღიც კი დაიკეტა მაგის გამო. არადა, როცა აკეთებდნენ, გვეუბნებოდნენ 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათო” – წერს გამოცებას ადგილობრივი მკვიდრი.

ადგილობრივების თქმით, წყლის გადასახადს ელექტროენერგიის და არა გახარჯული წყლის რაოდენობის მიხედვით იხდიან.

“სოფელს თუ  უნდა, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეთ, შეუძლიათ ჩართონ საქაჩი” – აცხადებს გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე. მისი განმარტებით, მარანში წყალმომარაგების სამსახურს მიმაგრებული ჰყავს პირი, რომელსაც დავალებული აქვს გრაფიკთან დაკავშირებით, რეგულაცია: “სოფელი თუ ეტყვის, რომ წყალი უფრო მეტ ხანს მოდიოდეს, შეუძლია ჩართოს. ეს სოფლის გადასაწყვეტია” – აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სასმელი წყლის ინდივიდუალური მრიცხველებია დამონტაჟებული, წყლის გადასახადს მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურით მიხედვით იხდიან.

მაისურაძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, შავშვებში, ქვახვრელში, მარანაში და სხვაგან, მოხმარებული დენის საერთო თანხა იყოფა კომლთა რაოდენობაზე. ტარიელ მაისურაძეც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე რაოდენობის თანხას იხდიან ისინიც, ვინც ცოტა წყალს მოიხმარს.

“იმისათვის, რომ მოსახლეობამ წყლის რაოდენობის მიხედვით გადაიხადოს, საჭიროა ტარიფი. მერიის შესაბამისი სამსახური, როგორც ვიცი, უკვე მუშაობს ამ საკითხზე, ამზადებენ წერილს სემეკში წარსადგენად. ჯერ ტარიფი არ გვაქვს დადგენილი და, შესაბამისად, მრიცხველების მიხედვით, არ ხდება წყლის გადასახადის გადახდა” – აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

მისი განმარტებით, სასმელ წყალთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს, კიდეც რამდენიმე პროექტი დასრულდება. ტარიფის დასადგენად გორის მერია სემეკს (მარეგულირებელ კომისიას) 2019 წელს მიმართავს.

რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ბაღების გაერთიანების დირექტორი აცხადებს, რომ მარანას საბავშვო ბაღს წყლის პრობლემა მაშინ ექმნება, როდესაც ეს პრობლემა სოფლის წინაშე დადგება.

“ორი კვირით წყლის გამო ბაღი არ დაკეტილა, შესაძლოა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ გრიპის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო დაიკეტა ბაღი”, – აცხადებს ლია კოვზიაშვილი.