გორის სოფლებისთვის სასმელი წყლის ტარიფი დადგენილი არ არის

1043

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სასმელი წყლის ინდივიდუალური მრიცხველებია დამონტაჟებული, წყლის გადასახადს მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურით მიხედვით იხდიან. ამის შესახებ გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ ისაუბრა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, შავშვებში, ქვახვრელში, მარანაში და სხვაგან, მოხმარებული დენის საერთო თანხა იყოფა კომლთა რაოდენობაზე. ტარიელ მაისურაძეც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე რაოდენობის თანხას იხდიან ისინიც, ვინც ცოტა წყალი მოიხმარა.

“იმისათვის, რომ მოსახლეობამ წყლის რაოდენობის მიხედვით გადაიხადოს, საჭიროა ტარიფი. მერიის შესაბამისი სამსახური, როგორც ვიცი, უკვე მუშაობს ამ საკითხზე, ამზადებენ წერილს სემეკში წარსადგენად. ჯერ ტარიფი არ გვაქვს დადგენილი და, შესაბამისად, მრიცხველების მიხედვით, არ ხდება წყლის გადასახადის გადახდა”, – აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

მისი განმარტებით, სასმელ წყალთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს, კიდეც რამდენიმე პროექტი დასრულდება. ტარიფის დასადგენად გორის მერია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2019 წელს მიმართავს.