ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეში საბავშვო არქეოლოგიური მოედნის მოსაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საბავშვო არქეოლოგიუ მოედანზე გამოყოფილი იქნება სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები. იქ შესულ ბავშვებს და მოზარდებს კი შეეძლებათ, იმიტირებულ არქეოლოგიურ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
მუზეუმის ხელმძღვანელი ბადრი გასპაროვი ამბობს, რომ უფლისციხეში მშობლებთან ერთად ძალიან ბევრი ბავშვი მიდის “ზოგჯერ არის ხოლმე სიტუაცია, რომ ბავშვმა არ იცის, სად წავიდეს და უნდა გართობა. ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად შემუშავდა ასეთი გეგმა, რომ მათთვის სპეციალური სივრცე მოეწყოს”, – ამბობს ბადრი გასპაროვი.
მოედნის გარდა, სააგენტოს წარმომადგენლები ხალხური რეწვის სახელოსნოებს აკეთებენ. “სახელოსნოში შეუძლიათ დაათვალიერონ ანდა შეისწავლონ ხალხური რეწვის მეთოდები, თექაზე მუშაობა და ა.შ. საკმაოდ საინტერესო სივრცის მოწყობა იგეგმება”,- აცხადებს ბადრი გასპაროვი.
მისი ინფორმაციით, გასულ 2018 წელს, უფლისციხეს 285 000 ვიზიტორი ესტუმრა.