გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში მტკვარ-არაქსის კულტურის ნიმუშები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
არქეოლოგიური გათხრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა, ბადრი დევიძემ საკუთარ ნაკვეთში, მიწის ხვნის დროს, უცნაური ნივთები იპოვა.
საქმეში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის წარმომადგენები ჩაერთვნენ. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფმა ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს.
გათხრები მიმდინარეობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს” – ფარგლებში.
აღმოჩნდა სამარხის ნაშთი, რაზეც ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური, მტკვარ–არაქსის არქეოლოგიური კულტურისათვის დამახასიათებელი ფორმა და დამზადების ტექნოლოგია (ჩარხის გარეშე, ხელით ძერწვა) მიუთითებს.
ნიადაგის 20 სმ. სისქის ფენაში აღმოჩნდა, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული, სასუფრე ჭურჭლის (ოინოჰოია?) ყელისა და მხრის შეერთების, ძლიერ დეფორმირებული ფრაგმენტი.
,,ხერხდება იმის გარკვევა, რომ მართკუთხედის გეგმის მქონე სამარხის ორმო სამხრეთ–ჩრდილოეთის ხაზზეა დამხრობილი; დღეისათვის სამარხში გამოვლენილი მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთების (ქალა და წვივის ძვალი) მიხედვით, წინასწარულად შეიძლება ითქვას, რომ ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს (ძვ.წ.III ათასწ. შუა ხანები) გაჭრილ ამ სამარხში მიცვალებული ხელ–ფეხმოხრილ პოზაში დაუკრძალავთ, თავით სამხრეთაღმოსავლეთისკენ და თან თიხის მცირე ზომის ქოთნით სასმელი ან საჭმელი (“საგზალი”) გაუტანებიათ.” – აცხადებს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.
სამუშაო ჯგუფში შედიან: პროფესორ გიორგი სოსიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი (პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი), არქეოლოგი ირაკლი სოზიაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები: სოფიკო სეხნიაშვილი, სალომე გელდიაშვილი, თეონა მამესწარაშვილი და თეონა ქოქაშვილი.