მცხეთის გენგეგმის კონცეფციით ტურისტული კარიბჭეების მოწყობა იგეგმება

998

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, სადაც ამხანაგობა „აქოლისმა“ დაინტერესებულ მხარეებსა და პროფესიულ წრეებს მცხეთის გენგეგმის კონცეფცია გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მცხეთის გენგეგმის კონცეფცია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას გულისხმობს.

“ამხანაგობა”აქოლისმა“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ახლა საპროექტო მომსახურების მეორე ეტაპზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, სკოპინგის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება) ანგარიში და დარგობრივი ტექსტური და გრაფიკული დანართები.

„ამხანაგობა „აქოლისი“ მულტიდისციპლინარული ჯგუფია, რომელიც დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ორგანიზაციასა და 3 ქვეკონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას გულისხმობს.

„აქოლისი“ ითვალისწინებს მცხეთის, როგორც საქართველოს ძველი დედაქალაქის ისტორიულ, არქეოლოგიურ, კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და მის დღევანდელობაში, მის ადგილს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში და შექმნის ყველა პირობას, რათა შენარჩუნებული იქნეს ის უნიკალური გარემო, რომელიც მის ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ, მემორიალურ, არქეოლოგიურ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ღირებულებებს განაპირობებს.

მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში ასახული იდეები და გადაწყვეტები, რომელიც გულისხმობს მცხეთის განვითარების ქალაქმაფორმირებელი როლის განსაზღვრას და მისთვის ალტერნატივების ჩამოყალიბებას, არ არის საბოლოო, ისინი საჯაროდ განსახილველია და დასაზუსტებელია დაპროექტების მომდევნო ეტაპებზე, მათ შორის – გენერალური გეგმის მომზადების სტადიაზე.

ამხანაგობა „აქოლისი“ დაინტერესებულ მხარეებთან და პროფესიულ წრეებთან მართავს შეხვედრებს, რომლებიც შემდგომშიც გაგრძელდება”, – აღინიშნა შეხვედრაზე.

ამასთან, როგორც ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ განაცხადა, ახლა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტადიაა, რომელშიც ძირითადი დებულებები და ქალაქდაგეგმარებითი ძირითადი მოსაზრებები უკვე ჩადებულია.

“კონცეფციაში ჩადებული წინადადებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ტურიზმის გამრავალფეროვნება, გამრავალფეროვნება თემატურად: არქიტექტურა, ბუნებასთან კომბინაცია, მომლოცველობითი ტურიზმი, უცნობი მცხეთის ფენომენი. გვაქვს კონცეფციაში ჩადებული ტურისტული კარიბჭეების იდეა – ეს იქნება 4 ტურისტული კარიბჭე და 2 სავესტიბიურო არეალი, სადაც მცხეთაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია, აირჩიოს მარშრუტი, აირჩიოს სჭირდება თუ არა გიდი, სად შეუძლია დარჩენა – ინფორმაცია ექნება სასტუმროების შესახებ. ამ კონცეფციის განხორციელება ადრეა. ჯერ ჩვენ უნდა გავიაროთ საჯარო მოსმენები, პრეზენტაციები. ამის შემდეგ კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში გადავდივართ საკუთრივ გენერალურ გეგმაზე, სადაც ყველა იდეა დეტალურად იქნება აღწერილი. ამის შემდეგ იქნება დეტალური დაგეგმარება და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მალე გავივლით ამ სტადიებს უფრო მალე მოიხსნება ე.წ განვითარების მორატორიუმი ქალაქ მცხეთას”, – განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.