როგორ დავბრუნდეთ წარსულში?

1652

ნათია კუპრაშვილი – ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე

“სოფლის შეკრება პრობლემებზე სამსჯელოდ  თანამედროვე კანონმდებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მუხლია. რა აჯობებს, კვირას, უქმე დღეს, შეიკრიბოს ერთად სოფელი და ერთმანეთს სხვადასხვა აზრი გაუზიაროს, მოუსმინოს და ერთად იპოვოს გზა, რომელიც სოფელს უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს”?

თავისუფლად შეიძლებოდა, ეს ამონარიდი ქართული მედიიდან უახლესი ყოფილიყო და, მაგალითად, 2018 წლის ბოლოს განახლებულ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამას” შეხებოდა. თუმცა, ეს პერიფრაზი 110 წლისაა, საუკუნეზე მეტი ხანდაზმულობის “სახალხო გაზეთიდან”, რომელიც სოფლის შეკრებებს მაშინ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ხან ჩიოდა, რომ შეკრებებზე “წესიერი მსჯელობა კი არ არის, საშინელი ღრიანცელია”, ხან კი სიხარულით აღნიშნავდა რომელიმე სოფლის შეთანხმებულ გადაწყვეტილებაზე. ასეთი თანდმიმდევრული გაშუქებით დღეს ძნელად თუ გამოირჩევა რომელიმე მედია.

როგორ მოხდა, როგორ მოვახერხეთ, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გვქონდა უფრო გამართული თვითმმართველობა და უფრო ძლიერი, ფუნქციური ადგილობრივი მედია, ვიდრე დღეს?!  იმერელი ვარ და შესაძლოა, ამის გამოც, ამაზე ფიქრისას, სულ მე-18 საუკუნის ბოლოსკენ შექმნილი ამხანაგობა “კოლხიდა” მახსენდება. სათემო გაერთიანება, რომელმაც აბრეშუმის პარკის, ბამბის შესყიდვა-დამუშავებასთან ერთად (რა მიზანსაც გაერთიანება დასაწყისში ატარებდა)  შეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა მთელი რეგიონის განვითარებაზე, იმერეთის განათლების ხარისხზეც კი, რომელიც მაშინდელი შეფასებით, მთელ კავკასიის რეგიონში განვითარების მაღალი დონით გამოირჩეოდა. გაერთიანებამ დააფინანსა  გაზეთი “კოლხიდა”, შემდგომში – “იმერეთი” და მალევე მოახერხა “პრესის კანტორის” მხარდაჭერაც, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობას და ჩართულობას უწყობდა ხელს. “კოლხიდას” და “იმერეთის” სტატიებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ რეგიონის განვითარებაზე ორინეტირებული კრიტიკის საინტერესო მაგალითებს.

მერე იყო, რომ სოფლის კრებებსაც, “სახალხო გაზეთსაც”, “კოლხიდასაც” და განვითარებულ თვითმმართველობებსაც გასაბჭოებამ მოუსწრო და იქ გადაგვისროლა, საიდანაც დღემდე გვიჭირს თავის დაღწევა.

დღეს, ლამისაა, ადგილობრივი მედია, თვითმმართველობებიანად, ხელში ჩაგვაკვდეს. თუ ადრე ქვეყნის ოკუპაცია აუქმებდა ადგილობრივ თვითმმართველობებს, ახლა თვითლიკვიდაციას, ცენტრალური ხელისუფლების  მითითებისთანავე, თავად თვითმმართველობები ახდენენ, თან  ერთხმად – ისე, როგორც 2017 წელს შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისას მოხდა და ამას თვითმმართველობისვე მხარდაჭერილი, ან მათ მიერვე დაფუძნებული მედიასაშუალებები აშუქებდნენ, როგორც “წინგადადგმულ ნაბიჯს”.

ცალკე დარდის საგანია დამოუკიდებელი ადგილობრივი მედია, რომელიც, ყველა ანალიზით, უფრო და უფრო ღარიბდება. მატერიალური კვდომის პროცესშია და ამის მიუხედავად, კატეგორიულად ემიჯნება ადგილობრივი თვითმმართველობიდან რაიმე ტიპის ფინანსური სარგებლის მიღებას, რადგან მისთვის ეს დამოუკიდებლობის დაკარგვას უტოლდება, რაც თავისთავად მეტყველებს თვითმმართველობის დამახინჯებული ფორმით არსებობაზე.

როგორ დავბრუნდეთ თვითმმართველობის წარსულში და ამით წავიდეთ მომავალში?  – ამ კითხვაზე პასუხის გზა განათლებაზეც გადის – მაგალითად, იმის სწვალებაზე, თუ “როგორ გავაშუქოთ ადგილობრივი თვითმმართველობა”, რის სწავლებასაც, სამი წელია უკვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვცდილობთ არცთუ ცუდი შედეგით და რაც გვინდა, მალე რეგიონულმა უნივერსიტეტებმაც გაიზიარონ.

როგორ დავბრუნდეთ თვითმმართველობის წარსულში და ამით წავიდეთ მომავალში?   – ამ კითხვაზე პასუხის გზა გადის ნდობის აღდგენაზე ხელისუფლებასა და ხალხს შორის, მედიასა და მთავრობებს შორის, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის და ეს ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,

რადგან:

თვითმმართველობა ხომ ისეთი რამაა, რომ ერთი ათად უმატებს კაცს ძალღონეს, ერთი ათად უმატებს ხალისს სამოქალაქო მოღვაწეობისათვის. კაცი თავისთავის გამგებელი, თავისათვის მზრუნველი,და პატრონი და არა სხვის ხელის შემყურალი და მაცქერალი სრული მოქალაქეა, ჭეშმარიტი შვილია თავის ქვეყნისა. იგი მაშინ ადვილად და უბრძოლველად არავის დაუთმობს თავისუფლებას და ავის თვალით უცქერის იმას, ვინც ეპოტინება მის უფლებას, ვისაც სურს, მოუსპოს თვითმმართველობა და გაჰხადოს ყურმოჭრილ მონად” – “ივერია”, 1883 წ.

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”