ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს მიმდინარე წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“2017 წელს შეიქმნა და დამტკიცდა მუზეუმის სრული რეაბილიტაციის-რეკონსტრუქციის პროექტი, მისი განხორციელება გადაწყვეტილია და პროექტის მიხედვით ამ შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება. სატენდერო დოკუმენტაციას სჭირდება გარკვეული პროცედურა. რეკონსტრუქციის პროექტი ეხება შენობის ფასადს, ინტერიერს, ეზოს, ღობეს, ანუ მთელი კომპლექსი იქნება რეკონსტრუირებული“, – ამბობს მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანმა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება.
“სამინისტრომ გამოყო ამისთვის 500 000 ლარი, რომელსაც თვითონ მუზეუმი დააპროცესებს, მაგრამ ვინაიდან ეს არის ძეგლი, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართულები ამ პროცესებში, ტექნიკური დავალების გაცემის, თუ ნებართვის გაცემის თვალსაზრისით“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი განთავსებულია 1907 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი, ძირითადად, ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვეული არტეფაქტებისაგან შედგება, რომელთა ქრონოლოგია ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს მოიცავს. ასევე, მუზეუმში განთავსებულია მე-19 და მე-20 საუკუნეებში ფოთში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმისა და ნიკო ნიკოლაძის მმართველობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.