“ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში”, – განაცხადა აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, ბათუმში, მუყაოს ე.წ ოცნების ქალაქში, თვითნებურად შესახლებულებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
“ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და არ ვზოგავთ ძალისხმევას. მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას შეცვლის. მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად. სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას და იწყებს მათი პრობლემების მოგვარებას.
ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით. პარალელურად სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით. არავის დარჩება უსამართლობის განცდა. ოცნების ქალაქს ახალ სიცოცხლეს შევძენთ.
პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც. უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელწიფო ფართებში.
დღესვე ოცნების ქალაქში დაიწყება მიწის სამუშაოები. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დაევალება პროექტის მომზადება”,- განაცხადა რიჟვაძემ.
რიჟვაძის ინფორმაციით, მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე ათვისებული იქნება 10 მილიონი ლარი.