ბატიაშვილი: კომაროვის ახალი სკოლა დიდ დიღომში აშენდება

2094

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კომაროვის სკოლის გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, კომაროვის ახალი სკოლა დიდ დიღომში აშენდება.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდება და რომლის აქტიური მშენებლობაც მარტში დაიწყება, ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი. ეს არის 15 ჰექტარზე განთავსებული მომავალი ქალაქი. ასევე, გაფართოვდება კომაროვის სკოლა. კომაროვი არის ქართული განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამიტომ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს როგორც კომაროვს, ასევე სხვა ასეთ წარმატებულ სკოლებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სწორედ დიდ დიღომში იქნება წარმოდგენილი კომაროვის ახალი სკოლა. ანუ დარჩება კომაროვის ძველი სკოლაც და დაემატება ახალი. შესაბამისად, გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი დონის განათლება”,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. ამასთან, განახლდება 8 სპეციალური სკოლაც და დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა.

პრეზენტაციაზე პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ადეკვატური გახდება.