საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაცია პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ადეკვატური გახდება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას.
მისი თქმით, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო და დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამასთან, ბახტაძის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით.
მისივე ინფორმაციით, რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი.