სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა

2035

სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება თავშესაფარში გადაყვანასთან ერთად, ცხოველების მოვლა-კვებას, ვაქცინაციას, კასტრაციას და სტერილიზაციას, ძაღლების ყურის კლიპის მეშვეობით დაბირკვას და დაბრუნებას გულისხმობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

75 ცხოველის გადაყვანის მომსახურებაზე ადგილობრივმა მერიამ 6 ათასი ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჰუმანური მეთოდებით უნდა მოხდეს, რის შემდეგაც საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოილერებში უნდა მოათავსონ, რომელიც აღჭურვილი იქნება ვენტილაციით, განათებით და გათბობით.