ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, განახლებულ ბაღში დამთვალიერებლისთვის ერთჯერადი ბილეთი 3 ლარი, 1 თვიანი აბონემენტი 30 ლარი, 3 თვიანი 60 ლარი, ხოლო, სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა ბოტანიკურ ბაღში 300 ლარი ეღირება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“თუ სწორად ჩავდეთ ინვესტიციები, 2022 წელს ჩვენ ვიქნებით ფინანსურად დამოუკიდებლები“ , – განუცხადა ზუგდიდის საკრებულოს წევრებს საკომისიო მოსმენაზე ა(ა)იპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპე ბოტანიკური ბაღის ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 300 ათასი ლარია, თუმცა მას შემდეგ, რაც დასრულდება სამუშაოები, მისი მოვლა-პატრონობისთვის დამატებით 350 000 ლარი იქნება საჭირო.
ზვიად ქარჩავას მტკიცებით ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მაისში დასრულდება.
მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ გასული წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია.