ახალციხის ბაღების გაერთიანებამ, ახალციხეში გაზის მიმწოდებელ კომპანია “ინტერგაზს“ მიმართა და იმ ბაღებში, სადაც აღსაზრდელები ბუნებრივი აირით თბებიან, გაყვანილობების შემოწმება სთხოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღიდან გაზით მხოლოდ ხუთი, ოთხი ახალციხის და ერთი ვალის ბაღი თბება.
“ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ჯერ მხოლოდ სიტყვიერად ესაუბრნენ გაზის კომპანიის ხელმძრვანელს და სთხოვეს, რომ გაგზავნონ სპეციალისტები ბაღებში გაზის შესამოწმებლად“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.
“ინტერგაზის“ დირექტორი ვასო აბულაძე ამბობს, რომ შემოწმების პროცესს მაშინვე დაიწყებს, როგორც კი მას მერია ოფიციალურ წერილს გაუგზავნის. გაყვანილობებს კომპანია ახლადშეძენილი აპარატით დაიწყებს, რომელიც ქსელში გაზის გაჟონვა აფიქსირებს.
“ველოდებით რომ წერილი შემოგვივიდეს და დავიწყებთ შემოწმებას. ახალი გერმანული აპარატი გვაქვს და ქსელს იმით შევამოწმებთ“, – ამბობს აბულაძე.