ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებას ითხოვენ. საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო, მესამე მორიგე ბაღის დამატების რეკომენდაციით მერიას მიმართავს. საბჭოს წევრების ინფორმაციით, ქალაქში არსებული 2 მორიგე ბაღი საკმარისი არ არის. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, შედგება ხარჯთაღრიცხვა, რის შემდეგაც რეკომენდაცია მერიას გადაეგზავნება.
“ორი ბაღი არ არის საკმარისი. ზაფხულში ბავშვების მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ, ამიტომ მერიას მივმართავთ მოხდეს მესამე ბაღის დამატება. შევისწავლით ფინანსურ საკითხს, ადგილმდებარეობას, ისე, რომ გათვლილი იყოს ყველა უბანზე და ამის შემდეგ გადავუგზავნით მერიას”, -განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.
მესამე ბაღის დამატების თემაზე მსჯელობენ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. ა(ა)იპ-ის მმართველმა დავით წიტაიშვილმა განმარტა, რომ საკითხის შესასწავლად ერთთვიანი ვადა აქვთ.
ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია. ამათგან ზაფხულის არდადეგებზე ორი ბაღი ფუნქციონირებს და ისინიც მხოლოდ ივლისში მუშაობენ. ა(ა)იპ-ში აცხადებენ, რომ აგვისტოში ბაღებზე მოთხოვნა არ არის.