ანდეზიტი – სოფელი კარიერზე, რომელიც გადარჩა (ფოტო/ვიდეო)

5775
ფოტო: ანდეზიტი. პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის არქივიდან

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე

1932 წელს, ბაკურიანიდან დასავლეთით, მჟავაგამძლე ანდეზიტის მოპოვება დაიწყო. წლების შემდეგ, ქვის კარიერებზე უკვე იმდენი ადამიანი მუშაობდა, რომ საწარმოს გარშემო სოფელი გაჩნდა. სოფელსაც ანდეზიტი დაარქვეს.

ფოტო: ანდეზიტი. პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის არქივიდან

მუშებისთვის დასახლებაში ჯერ მრავალბინიანი კორპუსები, მოგვიანებით კი საბავშვო ბაღი, სკოლა, კლუბი, სასადილო, მაღაზიები, პოლიკლინიკა და ბიბლიოთეკა აშენდა.

საწარმო, დაახლოებით, 30 წლის წინ დაიხურა, თუმცა ანდეზიტელები აქაურობას მაინც შემორჩნენ. ანდეზიტი მრავალეთნიკური, სომხებით, ბერძნებით, უკრაინელებითა და ქართველებით დასახლებული სოფელია.

“ნედლეული მარხილზე შებმული ხარებით მიჰქონდათ საკოჭავში, მერე გაჩნდა ვიწროლიანდაგიანი მატარებელი და წარმოებამ განვითარება დაიწყო. აქ რომ მოვედი 22 წლის ვიყავი, ვმუშაობდი „გარაჟის“ უფროსად, მძღოლად, ყარაულადაც. საწარმოში 250 ადამიანი ვიყავით, მთლიანად კი გაცილებით მეტი“, – იხსენებს 93 წლის ელიზბარ ბიჩინაშვილი, რომელიც ანდეზიტში 1950 წლიდან ცხოვრობს.

აქ მოპოვებული ნედლეული საბჭოთა კავშირში საუკეთესო მჟავაგამძლე ანდეზიტად მიაჩნდათ, ამიტომ კარიერებზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 700-800 მანეთი იყო და ელექტროენერგიის გადასახადისგანაც თავისუფლები იყვნენ. ადგილობრივების თქმით, საწარმო წელიწადში 52 ათას ტონა ნედლეულს აწარმოებდა და 100-ზე მეტ ქვეყანაში გაჰქონდათ.

ელიზბარი იხსენებს, რომ საწარმოს გაჩერებიდან მალე სოფლის დაცლა დაიწყო: „90-ანი წლები იყო. იგეგმებოდა წარმოების გაუმჯობესებაც, მაგრამ უბედურმა დრომ მოუსწრო, საწარმო ნელნელა ქრებოდა, გაძარცვეს უფროსებმა და ქურდბაცაცებმა“.

საწარმოზე დამოკიდებული, სოფლის მეურნეობის არმქონე 400–მდე ადგილობრივი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

ელიზბარმა თავის რჩენა ვაჭრობით გადაწყვიტა, სახლთან ახლოს მატარებლის ვაგონი დადგა და მაღაზია გახსნა: „218 ლარი პენსია მაქვს. წამლებში ყოველ თვე 150 ლარი მჭირდება. ეს მაღაზია რომ არა, მეც და ჩემი უმუშევარი შვილიც მშივრები მოვკვდებოდით. დღეში 10-15 ლარისას ვვაჭრობ, მეტს ვერა”.

მოსახლეობის ნაწილი სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა.

“ყველამ დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გვექნა ახლა, ზოგმა მეცხოველეობა სცადა, მაგრამ აქ საძოვრები არაა. გვერდით, ბერძნების სოფელი ციხისჯვარია, იქაურების დახმარებით მე და ჩემი მეუღლე საბერძნეთში წავედით“, – იხსენებს ანდეზიტის ექიმი ციური წიკლაური, რომელიც სამშობლოს მაინც დაუბრუნდა, აქაურობა ორივეს გვენატრებოდაო ამბობს. მისი სოფელში ყოფნა ანდეზიტელებისთვის დიდი შეღავათია, როგორც კი რამე დასჭირდებათ, ციური ექიმი მეზობლად ჰყავთ.

26 წლის გიორგი ხუციშვილიც 18 წელია საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქ სალონიკში, დედასთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს. მშობლიურ სოფელში დასასვენებლად ჩამოდის. გიორგის ვკითხეთ, თუ როგორ ცხოვრობენ მისი თანატოლი ანდეზიტელები ,ისინი ვისაც საბერძნეთში წასასვლელი არ აქვთ – „ჩემხელები ძირითადად ხე–ტყეზე მუშაობენ, უფრო მეტად კი ბაკურიანში, რაც კურორტი არსებობს, ადგილობრივებმა ცოტა ამოისუნთქეს“.

გიორგი მიიჩნევს, რომ სოფელს შეუძლია ტურისტულად მიმზიდველი გახდეს: „შარშან, რაც ბაკურიანიდან მოსასვლელი გზა გაკეთდა, ერთი–ორი ოჯახი აქაც იღებს დამსვენებლებს, ბუნებაც არის და სუფთა ჰაერიც, ალბათ საოჯახო სასტუმროები კიდევ გაჩნდება“.

უფუნქციოდ დარჩენილი შენობების უმეტესობა, ასევე ქვის კარიერებამდე მისასვლელი გზა დანგრეულია, თუმცა გზა არც არავის სჭირდება. ქვის გადამამუშავებელი ქარხანა და ფაიფურის საწარმოდ ჩაფიქრებული შენობაც გაძარცვულია, დაინგრა სასადილოს და პოლიკლინიკის შენობებიც, თუმცა ანდეზიტელებმა მაინც მოახერხეს და გადაარჩინეს სკოლა და ბიბლიოთეკა თავის 17 ათას წიგნთან ერთად.

ანდეზიტის ბიბლიოთეკა

ანდეზიტელები ამბობენ, რომ სოფელს ძველი შენობები ქარხნის ყოფილმა მომმარაგებელ–გამსაღებელმა, ტრისტან მეხრიშვილმა შეუნარჩუნა, ის 2007 წლიდან სოფლის რწმუნებულია და საზოგადოებრივ საქმეებში პირადად მონაწილეობს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის გამართვა თუ თანასოფლელების საჭიროებები.

ყოფილი პოლიკლინიკა

“აქ ადრე საცხოვრებელი სახლები არ იყო, საწარმოს იმხელა შემოსავალი ჰქონდა, რომ დიდი მოგება რჩებოდა, ამიტომ აქ საუკეთესო მომარაგება გვქონდა, სოფლის მეურნეობა რა იყო არ ვიცოდით, მაღაზიებში იყო იმპორტული საქონელიც. სოფელს თავისი სასადილო, პოლიკლინიკა და საზოგადოებრივი კლუბიც ჰქონდა, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ, სამაგიეროდ დღესაც არის სკოლა 47 მოსწავლისთვის და ბიბლიოთეკა, რომელშიც ბავშვებიც და უფროსებიც კითხულობენ“, – გვიყვებიან ადგილობრივები.

ანდეზიტელების აზრით, სოფელში მადნეულის მარაგი დღესაც არის, თუმცა წარმოების განახლების პერსპექტივა ბუნდოვანია. გეოლოგი ნათია ჩომახიძე გვიხსნის, რომ მჟავაგამძლე ანდეზიტი შიდა ბაზარზე გამოუსადეგარია, თუმცა მას სახელმწიფო ვერც იმ ქვეყნებს სთავაზობს, სადაც ნედლეული გამოსადეგია, რადგან 1960-იან წლებში ჩატარებული აღწერის შემდეგ, ნედლეული შეუსწავლელია. საბჭოთა წყაროებზე დაყრდნობით, სოფელში 4 814 000 ტონა ანდეზიტის მარაგია.

“დღეს ქვეყანას არ გააჩნია ისეთი წარმოება, რომელშიც გამოსადეგი იქნებოდა ეს ნედლეული. საბჭოური წყაროების მიხედვით, ბაკურიანის ანდეზიტი ერთ–ერთი საუკეთესო მჟავაგამძლე ნედლეული იყო. საბჭოთა კავშირი ძირითადად თვითონ იყენებდა, რამდენადაც ვიცი მეტალურგიასა და მანქანათმშენებლობაში. 1960–იანი წლების მერე ბაკურიანის ანდეზიტის ტოპოგრაფია და ხელმეორედ დაგეგმვა არ ჩატარებულა, ეს კი დაბრკოლებაა რადგან არ ვიცით ინვესტორს რა უნდა შევთავაზოთ”, – გვითხრა სასარგებლო წიაღისეულის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს უფროსმა.

ანდეზიტში დღეს თითქმის იმდენივე, 393 ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც საწარმოს დახურვამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვანმა სოფელმა გადარჩენა ანდეზიტის კარიერების გარეშეც შეძლო და დღეს უკვე საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში, განვითარების ახალ გზებს ეძებს.