გალში მოსახლეობამ ენგურის ხიდის ჩაკეტვა გააპროტესტა

806

ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალის დეფაქტო ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაახლოებით, 80-მდე მოქალაქემ ენგურის ხიდზე გადაადგილების აკრძალვის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გავიდა და მისი თხოვნით საუბარი სააქტო დარბაზში გაგრძელდა. “ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

“აუცილებელია გავიგოთ, რომ აკრძალვა შეეხება პრევენციას რათა არ გავრცელდეს. ე.წ. ღორის გრიპი აფხაზეთში. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ 2016 წელს ამ ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა ჩვენთან“,- განაცხადა თემურ ნადარაიამ. როგორც გამოცემა წერს, საუბრის შედეგად რამდენიმე ადამიანს, მათი საქმის ინდივიდუალურად განხილვის შემდეგ გადაადგილების უფლება მისცეს. თუ რა გამონაკლისზეა საუბარი, გამოცემა არ აკონკრეტებს.

“ნუჟნაია გაზეტა” წერს, რომ მოქალაქეები ე.წ. საზღვარზე სხვადასხვა მიზეზით ყოველდღურ რეჟიმში გადაადგილდებიან, მათ შორის, სასწავლებლად, სამუშაოდ, სავაჭროდ, სოციალური დახმარების მისაღებად და სამკურნალოდ.

როგორც გამოცემა “ლაივპრესი” წერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს, მიზეზი კი ამ რეგიონების ფაქტობრივად სრული იზოლაციაა, რომელიც უკვე მეთორმეტე დღეა გრძელდება.

მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფული მდგომარეობა ცხინვალის რეგიონშია, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაიკეტა.

“შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე. მოცემულობა არის რთული და არასტანდარტული. მოსახლეობის ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ენგურის ხიდი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მიზეზით 11 იანვარს ჩაიკეტა. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, კარანტინი ორი თვე გაგრძელდება.