სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად ქცეული უბანი დაბა მახინჯაურში. ტერიტორიაზე შემოვლითი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. დაბინძურებული უბანკი კი ადგილობრივებს აწუხებთ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა თვითნებური ნაგავსაყრელია მოწყობილი შემოვლითი გზის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ნაწილს 2 წლის წინ კომპენსაციებიც დაურიგეს, თუმცა აქ მცხოვრებლების ნაწილს თანხა არ მიუღიათ. იმის გამო, რომ სამშენებლო ნაგავია დაყრილი წვიმის დროს ტერიტორია იტბორება და ზიანდება ნარგავებიც.
ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიიდან მოსახლეობას მღრღნელები, ზაფხულში კი ქვეწარმავლები და მწერები აწუხებთ. მზიან ამინდში გარეთ გამოსვლა უჭირთ, რადგან ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნია. ადგილობრივთა თქმით, დაბა მახინჯაურში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვების ეზოში გაშვება.
რატომ არ დაიწყო ამ დრომდე პროექტის განხორციელება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელ პროცედურებს აგვარებდნენ. თუმცა აქ დღემდე არ იციან, როდის დაიწყება გზის მშენებლობა. სამინისტროში არც იმას აკონკრეტებენ, როდისთვის დაიწყება სამშენებლო ნარჩენების გატანა მახინჯაურიდან.
ჯერჯერობით ისიც უცნობია, ვინ მიიღებს კომნპენსაციას. პროექტის თანახმად, 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი უნდა აშენდეს. სამუშაოების ვადა 2017-2020 წლები განისაზღვრა. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.