2019 წელს “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 16 იანვარს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 000 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის ცნობით, სამუშაოები ატენში, ახალდაბაში, ახრისში, ბიისში, ბნავისში, ბობნევში, ბროწლეთში, გაგლოაანთ კარში, დიცში, ვარიანში, ზემო და ქვემო ბოშურში, ზერტში, თედოწმინდაში, თერგვისში, კარბში, კოშკაში, კოშკებში, მერეთში, ლევიტანაში, მეღვრეკისში, მუმლაანთკარში, მღებრიანში, ნაწრეტში, ოლოზში, ოთარშენში, ორმოცში, რიეთში, სვენეთში, ტინისხიდში, ტირძნისში, ტუსრებში, ფხვენისში, ქვემო შავშვებში, ქვეშში, ქიწნისში, ქორდში, არბოში, ყველაანთ უბანში, შინდისში, ციცაგიაანთკარში, წედისში, წითელუბანში, ჯარიშენში, ქერეში, გუგუტიაანათ კარსა და ზარდიაანთ კარში განხორცილედება.
აღნიშნულიდან ზოგიერთ სოფელში გარეგანათების სისტემის მონტაჟი წელს პირველად დაიწყება. სამუშაოები გრძელდება იმ სოფლებში, რომლებიც ნაწილობრივ განათებულია.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ “სამოქალაქო ბიუჯეტის“ 2019 წლის ბიუჯეტი ჯამში 2 800 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება. პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება.