ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭისყრის შეთავაზება მიიღო

1624

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და “კურიერის” წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” თბილისის მერის არჩევნებში მათი სახელით მონაწილეობის შეთავაზება მიიღო.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთავაზებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. უდუმაშვილი კიევში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

“სამწუხაროდ, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, “ნაციონალური მოძრაობისგან” მაქვს შეთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან.
მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს და არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, ვიქნები “ნაციონალური მოძრაობის” თუ დამოუკიდებელი კანდიდატი”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე შესაძლო კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი