გირჩის თესლის ბიზნესი დეცენტრალიზაციის გზაზე

1338

სტატია მომზადებულია “რაჭანიუსის” მიერ

ავტორი: ნინა ხელაძე

პარასკევს, 18 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი რაჭაში განიხილა.

შეხვედრას დაინტერესებულ პირთა შორის, ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე ესწრებოდა.

რა საკითხების გადაჭრა სთხოვა მერმა მთავრობას და როგორ აფასებს საშუალოვადიან სტრატეგიას?

“მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დეცენტრალიზაცია ძალიან მნივნელოვანია თვითმმართველობის განვითარებისათვის. ჩვენ ძირითადად ქონების გადმოცემის საკითხი დავსვით. ადგილზე რა რესურსიც გვაქვს, მიწაა თუ შენობაა. იმისათვის რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს მეტი ლავირების საშუალება თავისი რესურსი თვითონ უნდა განკარგოს”.

გირჩის ბიზნესი რაჭაში

“ასევე, ჩვენთან  გირჩის, სოჭის თესლი გროვდება, იკრიბება გადის დანიაში და ასე შემდეგ.  ლიცენზიებთან და მოსაკრებელთან დაკავშირებითაც დავაყენეთ ჩვენი ინიციატივები.

ვთქვათ ლიცენზია აღებული აქვთ 5 ტონაზე წლიურად და მოპოვების მიხედვით იხდიან. ჩვენი ინიციატივა ასეთია:  ყოველწლიურად მოიპოვონ ის რაც სჭრდებათ და  აიღონ კონკრეტული ლიცენზია, იმიტომ რომ რეალურად მოპოვებულის და გატანილის გაკონტროლება რთულია“.

ამბროლაურის მერი გვიყვება, რომ ლიცენზიები გაცემულია ათი წლით და ასათვისებელი რაოდენობა 5 ტონით არის განსაზღვრული თუმცა, ლიცენზიის მფლობელს შეუძლია მოიპოვოს ნაკლები, მაგალითად 2 ტონა და მოსაკრებელიც შესაბამისი გადაიხადოს.

“არის ეჭვები: ვთქვათ, მოიპოვონ ორი ტონა, გადაიხადონ ორი ტონის და გაიტანონ ორტონა ნახევარი. კომპანიები კი გვეუბნებიან, რომ წლების მიხედვით ბაზარზე მოთხოვნა იცვლება. მაშინ შესიწავლონ ბაზარი და კონკრეტული წლის საჭიროების მიხედვით აიღონ ლიცენზია და გადაიხადონ თანხა”.

ზვიად მხეიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ამ საქმიანობიდან წლის განმავლობაში, დაახლოებით,150 000 ლარი რჩება. ერთ კილოგრამ გირჩის თესლზე მოსაკრებელი 60 თეთრია, თუმცა საზღვარგარეთ, დაახლობით, 100-150 დოლარი ღირს. ამბროლაურის მერის თქმით, მთავრობაში საკითხის განხილვას დაპირდნენ.