კომპანიები, რომლებიც 2018 წელს გორის მერიის ტენდერებს იგებდნენ

833

გორის მერიის მიერ გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად 7 კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც სხვა პრედენდენტებთან შედარებით, 2018 წელს, ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვეს. მათ შორის ყველაზე მეტი, 8 ტენდერი შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა” მოიგო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნული კომპანია გორის მაჟორიტარ-დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაახლოებულ პირს შოთა აბულაძეს ეკუთვნის. მფლობელის შვილი გიორგი აბულაძე 2010-2012 წლებში სხვადასხვა საიმინისტროებში მუშაობდა.

გორის მერიამ გასულ წელს სულ 166 ტენდერი გამოაცხადა. აქედან 40 არ შედგა, 3 შეწყდა, 11 უარყოფითი შედეგით დასრულდა, 1 კი ამ ეტაპზე ისევ შერჩევა/შეფასების პროცესშია. დანარჩენ 111 ტენდერს სხვადასხვა კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები ინაწილებენ.

როგორც გამოცემა “რადიო მოზაიკა” წერს, გასულ წელს ყველაზე ხშირად ტენდერები შემდეგმა კომპანიებმა მოიგეს: “ვერელი+ -ს” მოგებული აქვს 7 ტენდერი. კომპანია გორის ყოფილი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის სიძეს ეკუთვნის;

“არქმშენსტუდია 2002-ს” მოგებული აქვს 7 ტენდერი. ის დეპუტატ მაკრახიძის ძმის კომპანიაა;

“ალონისს” მოგებული აქვს 7 ტენდერი; “მოურავს” მოგებული აქვს 6 ტენდერი; “გაზტექმშენს” მოგებული აქვს 6 ტენდერი.

იბოლიას” მოგებული აქვს 5 ტენდერი, ხოლო, “შარას” მოგებული აქვს 3 ტენდერი. ორივე კომპანია გორის მაჟორიტარ-დეპუტატ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის;

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.