ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა გამოითხოვონ თითოეული ა(ა)იპ-ისგან ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა და ა(ა)იპ-ის წესდება. ამასთან, უნდა მოისმინონ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებისგან თავიანთი ორგანაზაციის განვითარების ხედვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატის, ედიტა კოდუას განცხადებით, ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი იხარჯება არა საქმის შესასრულებლად, არამედ ხელფასებზე.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია რამდენი ადამიანია იქ დასაქმებული, რა თანხა ირიცხება ა(ა)იპ-ებში და რა თანხა მიდის საქმის გასაკეთებლად და რა ხელფასებში. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი მიდის ხელფასებში და ეს ასე არ უნდა იყოს. ჩემი ახლობელი არ უნდა იყოს, მაგრამ რომც იყოს, თუ მას არ აქვს ფუნქცია, ის უნდა წავიდეს და თანხა მიემართოს საქმის გასაკეთებლად“, – განაცხადა ედიტა კოდუამ.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ მომავალში ა(ა)იპ-ები კომერციული ორგანიზაციები გახდებიან.
“ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა გვინდა. მაგალითად, 1 წლის განმავლობაში ა(ა)იპ-ისგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტები მუდმივად გვაძლევენ ჩვენ რეკომენდაციებს და ალბათ უნდა დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ როცა გვინდა რაიმე სახის სერვისი, კეთილმოწყობა ან დასუფთავება, უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი და უნდა მოხდეს ამ მომსახურების შესყიდვა. ეს არ არის იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმოადგენელ არჩილ თოდუას რეკომენდაციით, ა(ა)იპ-ებში თანამდებობებზე მიღება კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს.
“კარგი იქნება, თუ ა(ა)იპ-იშიც თანამშრომელთა შერჩევის წესი გახდება კონკურსის წესით. ვიცით, რომ კანონმდებლობით ამის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ მუნიციპალიტეტს არ აქვს აკრძალვა, რომ ეს გააკეთოს და კარგი იქნება, რომ თუ ახლა არა, 2020 წლიდან საჯარო კონკურსით მოხდეს თანამშრომლების აყვანა“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.
კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ მორიგი სხდომა 23 იანვარს გაიმართება.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, კომისიამ მუშაობა 3 თვეში უნდა დაასრულოს.
“ჯგუფი ისევ შეიკრიბება, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან მოვისმენთ ხედვას, მათ ფუნქციურ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც მოითხოვა სამუშაო ჯგუფმა. ეს გახლავთ ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა და ა(ა)იპ-ის წესდება. ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვვარაუდობთ, რომ 3 თვის ვადაში დავასრულებთ მუშაობას, მაგრამ ჩვენი შუალედური პროდუქტი იქნება თითოეული ა(ა)იპ-ის მიმართ რეკომენდაციების გაწევა“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ მერია ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
“საკრებულოს რეკომენდაციების დადგომის შემდგომ მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ბიუჯეტი, რომელიც განსაზღვრული ა(ა)იპ-ებისთვის კონკრეტული ნაბიჯების შესასრულებლად საჭიროებს გამყარებას, თუნდაც იმ კუთხით, რაღაც გარკვეული ეკონომიები გაკეთდეს. უნდა გაიზარდოს შემოსავლები კონკრეტული მიმართულებებით, ან უნდა მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია. ხარჯების ოპტიმიზაცია შესაძლებელია თანამშრომლების შემცირებითაც, თუმცა ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს ა(ა)იპ-ის შეუფერხებელ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.