ბათუმის საქალაქო სასამართლომ გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მათთვის 2007 წელს საკუთრებაში გადაცემულ და 3 წლის შემდეგ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.
10 წელია გონიოში მცხოვრები 270-ზე მეტი ოჯახი სამართლებრივ დავას აწარმოებს. ამჯერად, მოქალაქეები ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის გაბათილებას ითხოვდნენ, რამაც მათ წართმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების საშუალება ფაქტობრივად, არ მიეცათ. სასამართლომ ბათილად სცნო კომისიის დასკვნა და დაავალა, თითოეული მოქალაქის საქმე ინდივიდუალურად შეისწავლოს.
ოჯახების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ნინო სიორიძემ აღნიშნა, მოსახლეობას ნამდვილად აქვს უფლება, მიწების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მიიღოს განმარტებები.
„გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ვვარაუდობთ, რომ აღიარების კომისია კეთილგონიერებას გამოიჩენს და გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს“, – ნინო სიორიძემ.
რამდენიმე ოჯახმა გონიოს მიწებთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც გაგზავნა.