ასპინძა-ახალციხის, დაახლოებით, სამკილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე ადგილზე ისეა ამორტიზებული, რომ მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით ზამთარში რთულდება და ავარიული გზა სახიფათო ხდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძა–ახალციხის 32 კილომეტრიან მაგისტრალზე, მშენებარე “მტკვარი ჰესის“ მიმდებარედ, სამი კილომეტრი დამეწყრილი ზონაა. ამიტომ აქ გზის ნაწილი დროთა განმავლობაში დაბლა იწევს და გადაადგილებისთვის სულ უფრო საშიში ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თოვის დროს ხშირად მარილს არ ყრიან და ტრანსპორტის მოცურების საფრთხეც იქმნება.
“ყველაზე მეტად, ორი მონაკვეთია ისეთი საშინელება, რომ სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა. სახიფათოა ეს გზა, განსაკუთრებით როცა თოვს და არავის თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, რომ მარილი მოაყარონ. ამ გზაზე ხშირად ვმგზავრობ და უკვე წლებია ასეთი მდგომარეობაა. ოცდამეერთე საუკუნეში ასეთ ორმოებზე რომ დადის ტრანსპორტი, შეიძლება?!“ – კითხულობს ასპინძის მკვიდრი გულიკო ბექაური.
ავარიული გზის გამო ჩივიან მძღოლებიც. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ამორტიზებული მონაკვეთის გავლას დიდ დროს ანდომებენ და საავარიო სიტუაციები იქმნება და ზიანდება მანქანებიც.
ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. როგორც აღნიშნული უწყებაში აცხადებენ, გზაზე თოვის დროს ტექნიკურ მარილს ყოველთვის ყრიან: “შესაძლოა, შესაბამისი საბურავებით არ გადაადგილდებიან, თორემ ჩვენ გვყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც გებზე მარილს ყრის“.
რაც შეეხება დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “სამკილომეტრიანი მონაკვეთი ყოველწლიურად კეთდება. 32 კილომეტრის სრულად გაკეთება კი ჯერ არ იგეგმება, რადგან ამისთვის თანხა არ არის და შესაბამისად ამ გზის რეაბილიტაცია არც მიმდინარე წლის გეგმაშია გათვალისწინებული“.
გზის ავარიულ მონაკვეთზე „მტკვარი ჰესი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. როგორც კომპანიის ადმინისტრაციაში გამოცემას განუცხადეს, დამწყრილი მონაკვეთი წყლით უნდა დაიფაროს, ამიტომ ამ ადგილის ნაცვლად ალტერნატიულ გზასაც თავად გააკეთებენ.
“პროექტით გვაქვს გათვალისწინებული, რომ გზის ამ მონაკვეთს მიმართულება უნდა შევუცვალოთ. გზას არსებული გზის ზედა მხრიდან გადავიყვანთ და ცენტრალუ მაგისტრალს შეუერთდება“, – ამბობს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის მოადგილე ბადრი მათოშვილი.
მისივე თქმით, პროექტი საგზაო დეპარტამენტთან უკვე შეთანხმებულია: “რა თქმა უნდა ის მონაკვეთი, სადაც სამუშაოები უნდა განხორციელდეს, გეოლოგებმა შეისწავლეს. გზის სამშენებლო სამუშაოებს გაზაფხულიდან დავიწყებთ“.
ალტერნატიული გზის მმშენებლობას მთლიანად „მტკვარი ჰესი“ დააფინანსებს.
თითქმის ათი წელია ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალის სამკილომეტრიანი მონაკვეთი პერიოდულად ზიანდება. თუმცა, იმის გამო, რომ გზა დეპარტამენტს ეკუთვნის, თვითმმართველობა ამ ადგილზე სამუშაოებს ვერ აწარმოებდა.