ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
მერიის ცნობით, შეხვედრა ნავთობისა და გაზის რესურსების VIB სალიცენზიო ბლოკის პროდუქციის, წილობრივი განაწილების ხელშეკრულების, მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და გარემოს დაცვის გეგმას შეეხებოდა.
“კომპანია შპს”ჯორჯიან ქოალეშენ ენერჯი ლიმიტედი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში ნავთობისა და გაზის მოპოვების წინა სამუშაოებს შეასრულებს. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც ერთერთი გამოცდილი ჩინური კომპანიის ქვეკონტრაქტორი (შვილობილი) კომპანიაა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე მათ საჩხერეში კვლევები ჩაატარეს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ანალიზს, გარემოს დაცვას და რისკების გათვლას გულისხმობდა. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ კვლევების ანგარიშის წარდგენას მოიცავდა”, – აცხადებენ მერიაში.
“ჯორჯიან ქოალეშენ ენერჯი ლიმიტედის“ წარმომადგენლებმა, კვლევების ჩამტარებელ შპს “გერგილის“ წარმოადგენლებთან ერთად პრეზენტაცია გამართეს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს განუმარტეს რისკები, სასარგებლო გარემოებები და მათ შეკითხვებს უპასუხეს. როგორც ისინი აცხადებენ სამუშაოები 2019 წლის მაისიდან დაიწყება.
საგულისხმოა ისიც, რომ რისკებს (ანუ თუ წიაღისეული არ აღმოჩნდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) თვითონ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ანაზღაურებს.