საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – საჩხერე – აგვისტო; არგვეთი – აგვისტო.
2023 წელი – საირხე – აპრილი; მერჯევი – აპრილი; ქორეთი – სექტემბერი; ჩიხა – სექტემბერი; ჭალა – ნოემბერი; სარეკი – ნოემბერი.
2024 წელი – ცხომარეთი – მარტი; გორისა – მარტი; ჯალაურთა – მარტი; კორბოული – ივლისი; ჭალოვანი – ივლისი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.