ანა პაჭიკაშვილი – ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზინობიანი
2004 წელს მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც პირველად შევდგი ფეხი ჩემი ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოში – ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ბუნდოვნად მახსოვს მამაკაცები, რომლებიც ფურცლებით ხელში რაღაც თანხის განაწილებაზე მსჯელობდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპეტენციები ცენტრსა და პერიფერიას შორის აღრეულია, ბიუჯეტი, როგორც ასეთი, არ გვაქვს, ადგილზე არჩევითი თანამდებობები არ არსებობს, თუმცა, მაინც გასაგები და ნათელი გახდა, რატომ ვიყავი მე იქ – მინდოდა, ინფორმირებული მოქალაქე ვყოფილიყავი და მინდოდა, ჩემს ქალაქში იმ დროისთვის ელემენტარულ პრობლემაზე, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მესაუბრა. ალბათ, ეს დღე და ეს შეხვედრა იყო ჩემი კარიერის და ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი, როდესაც მივხვდი, რა მინდოდა მეკეთებინა ცხოვრებაში, მინდოდა, ვყოფილიყავი იქ, მუნიციპალიტეტში, ახლოს მოსახლეობასთან, ახლოს მათ პრობლემებთან. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, თუმცა, ახლა მაქვს ისეთი სიტუაცია, რომ, შესაძლოა, კონკრეტულ პრობლემას ვერ ვჭრიდე, თუმცა, საჭირო ადგილას სათქმელს ხმამაღლა ვამბობ და ეს ხმაც უფრო და უფრო იწევს.
3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ კოხტა ამირაჯიბის სიტყვები რეალობად მექცია: ,,ინტელიგენცია სოფელს გაურბის, პატარას შეისწავლიან რამეს თუ არა, მაშინვე ქალაქში გარბიან, ვიღას უნდა სოფელი, არა კადრულობენ სამშობლო კერასთან ნაყოფიერ შრომას, ეროვნული საქმის ასაღორძინებლად, სოფლის ფეხზე დასაყენებლად საჭიროა ინტელიგენცია სოფელს დაუბრუნდეს“ (რასაკვირველია, ინტელიგენციას არ მივაკუთვნებ თავს, ჩავასწორებდი და ვიტყოდი: ახალგაზრდები, რომლებმაც განათლება მიიღეს, უნდა დაუბრუნდნენ რეგიონებს), ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ მშობლების მიერ ნაჩუქარი ძველი სახლის მცირე ტიპის სასტუმროდ გადაკეთება დავიწყეთ სოფელ ზინობიანში, რომელიც ეთნიკური უდებით არის დასახლებული. უდები ძველი ალბანელების შთამომავლები არიან. ისინი, ვინც არ თქვა მართლმადიდებლობაზე უარი, 1935 წელს ჩამოასახლეს აზერბაიჯანიდან კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. სოფელში, დაახლოებით, 337 მოსახლე ცხოვრობს. ყოველწლიურად უამრავი უცხოელი მკვლევარი და მეცნიერი ჩამოდის, იკვლევს ხალხის ენას, ფოლკლორს, სამზარეულოს, სოფელში არის გოგირდის ძველი აბანოები, რომლებიც ინვესტორს ნაყიდი აქვს და ტურისტული კომპლექსის გაკეთება იგეგმება, თუმცა, წლებია, არაფერი კეთდება.
კარგი დაგეგმვის და კონცეფციის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება, ეს ადგილი მიზიდულობის ერთ-ერთ წერტილად იქცეს კახეთში, როგორც განსხვავებული ლოკაცია. ეს გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო და აქედან დაიწყო პრობლემებიც. სოფელში არ არის გზა, განათება, ამბულატორია და სკვერი, საბავშვო ბაღში არ აქვთ წიგნები და სათამაშოები, არც ცენტრალური გათბობა, ბავშვები დღემდე შეშის ღუმელებით თბებიან, არც საწოლებია საკმარისი, ერთი სიტყვით, არაფერია.
დავიწყე ყველაზე მთავარ გამოწვევასთან – უგზოობასთან ბრძოლა. სოფლის გზა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, გადაადგილება ძალიან ჭირს, ყველგან დიდი ორმოებია, რომლებიც ტალახითა და წყლით ივსება, გადაადგილება როგორც მანქანისთვის, ისე ქვეითისთვის ყოველდღიური გამოწვევაა. ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე დურუჯის ხეობა ყოველწლიურად იწმინდება და ტონობით ხრეში ამოდის, რაც საუკეთესო მასალაა გზების მოსახრეშად, თუმცა, ხრეში უმისამართოდ იყრება. მდინარის კალაპოტთან რომ გაიაროთ, დაინახავთ ვენახის მიმდებარედ დაყრილი ხრეშის გორებს. პრობლემას ექსპერტულ დონეზე შესწავლაც არ სჭირდება იმის დასადგენად, რომ მუნიციპალიტეტს დიდი თანხა არ დაუჯდება ამ კონკრეტული სოფლის გზის პრობლემის მოგვარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლის მოსახლეობა თანახმაა, როგორც ფიზიკური ძალით, ისე ფულადი რესურსით მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. 3 წელია ვწერთ განცხადებებს, ვიწვალეთ ჯერ ერთ მერთან, შემდეგ ადმინისტრაცია შეიცვალა და დავიწყეთ მოლაპარაკებები მეორე მერთან, თუმცა, უშედეგოდ, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა – ბიუჯეტში თანხა არ აქვთ, ტექნიკა არ აქვთ, რესურსი არ აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ დურუჯის კალაპოტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი წმენდს ხოლმე, მდინარიდან ამოღებული ნატანის ნაწილით ნაპირს ამაგრებს, დანარჩენი კი, როგორც უკვე გითხარით, ყველგან ყრია, მაგრამ არაფერს ხმარდება. რომ მოიძიო, ვისი საკუთრებაა, ვერავინ გეტყვის, მაგრამ, რადგან ის გზების დეპარტამენტის, ანუ ცენტრალური ბიუჯეტის ფულით გაკეთდა, ნიშნავს, რომ სახელმწიფოსია და ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გამოიყენებს.
ამ ხნის მანძილზე ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ სოფელის ერთ უბანში 7 ერთეული გარეგანათების ბოძი დამონტაჟდა, არჩევნების წინა დღეს ჩაირთო, დასრულების შემდეგ გამოირთო და ამ დრომდე არ ჩართულა.
და აი, აქ ჩნდება მთელი რიგი კითხვები: რატომ არ აქვს პატარა სოფლის გზის მოხრეშვის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს, როდესაც ეს მუნიციპალიტეტი ტურისტულად სამ სეზონზე – გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოდგომის ბოლომდე, მუდმივად აქტიურია? როდესაც ამ რეგიონიდან ღვინის ექსპორტი გაზრდილია, გაზრდილია ვენახების გაშენების მაჩვენებელი, მომატებულია ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი, კახეთში ყურძნის რეალიზაციაზე სახელმწიფო სუბსიდიაც მოხსნილია და ყურძნის ფასი წელს ბაზარმა და კომპანიებმა დაარეგულირეს.
პასუხი, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია: იმიტომ, რომ ქვეყანაში რეალურად ცენტრალიზებული მმართველობა გვაქვს, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტის შემოსავლები ცენტრალურ ბიუჯეტზეა მიბმული, იმიტომ, რომ საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა და სურვილი ადგილობრივ ადმინისტრაციას არ გააჩნია, იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ არის პროფესიონალი კადრების არსებობა მუნიციპალურ დონეზე.
პირადად ჩემთვის პრობლემების ერთ-ერთი სათავე, მათ შორის, დაბალი კომპეტენციის კადრებია, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში, ისე საკრებულოში. იქ მომუშავე ადამიანებს ნაკლები წარმოდგენა აქვთ, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რატომ უნდა იარონ სოფელ-სოფელ და ჰკითხონ მოსახლეობას საჭიროებებზე აზრი, რატომ უნდა აცნობონ მოქალაქეებს საკრებულოს სხდომების შესახებ, ან რატომ უნდა ჩააბარონ დეპუტატებმა საქმიანობის წლიური ანგარიში მაინც. რეალურად, ადგილობრივი ხელისუფლება წარმოადგენს პარტიულ ოფისს, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობს, იქაური მაცხოვრებლებიც მხოლოდ მაშინ ახსენდება, შეხვედრებსაც მაშინ მართავს და დაპირებებსაც გულუხვად გასცემს.
2017 წლის 5 დეკემბერს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის და საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნული შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა – IDFI-მ და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა იმუშავეს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში არ ჩატარებულა დასახლების საერთო კრება, 50%-ზე მეტი არ აქვეყნებს წლიურ ანგარიშებს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 60%-ზე მეტში. ეს მცირე ციფრებიც კი გვაძლევს წარმოდგენას, როგორი დამოკიდებულებაა ადგილობრივი მცხოვრებლების და, შესაბამისად, მათი საჭიროებების მიმართ.
ამ საკითხებზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს, დახმარება აღმოუჩინოს და კვალიფიკაცია აუმაღლოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, შეიქმნა ელექტრონული პეტიციის ონლაინ პლატფორმა, თუმცა, არც ერთი პეტიცია არ განხილულა და შედეგი არ დამდგარა. ის კი არა, ბოლოს ჩაბარებულ წერილზე პასუხიც არ გაუცია მერიას.
ჩამოთვლილი საკითხების მოგვარებაში საკრებულოს და მერიას ცენტრალური ხელისუფლება ნამდვილად არ უშლის ხელს, მაგრამ არც უწყობს, რადგან მკაცრად დამკვიდრებული ცენტრალიზმის პირობებში, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ანგარიშვალდებულების ორიენტირი სწორედ ცენტრალური ხელისუფლებაა და არა – საკუთარი მოსახლეობა, რომელმაც ისინი აირჩია. ამ ფონზე კი პროცესში თანამონაწილეობისა და ჩართულობის სურვილი ნელ-ნელა ქრება და სანამ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას ერთმანეთის გაგების უნარი ბოლომდე დაუკარგავთ, დროა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები მიხვდნენ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“.
მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”