ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე, 26 დეკემბერს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია წარმომადგენლობით ორგანოს აღმასრულებელმა უკვე დაუბრუნა, თუმცა, უცნობია კონკრეტულად რა შეცვალა მერიამ დოკუმენტში, რადგან ორი კვირის წინ საკრებულოს უმრავლესობას ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები პრაქტიკულად არ ჰქონდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი ამბობდა, რომ მერიას რეკომენდაციები მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში გადატანის შესახებ მისცეს. პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით კი უმრავლესობას კითხვები არ ჰქონდა.
სამაგიეროდ, კითხვები და შენიშვნები აქვს ოპოზიციას. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, კერძოდ, მისი 50% ხელფასზე იხარჯება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მოსახლეობის რეალური საჭიროებები პრიორიტეტული არ არის.
საკრებულოში “ევროპული საქართველოს” დეპუტატი, მერაბ მეშველიანი კი აცხადებს, რომ ქალაქის მთვარი ფინანსური დოკუმენტი ნაჩქარევად არის შედგენილი და მასში წინა წლის პროგრამები უცვლელად არის გადატანილი.
აღმასრულებლის მიერ დაბრუნებული ბიუჯეტის განხილვა დეპუტატებს ჯერ არ დაუწყიათ. როგორც საკრებულოში ამბობენ, დოკუმენტზე მსჯელობა მიმდინარე კვირიდან უნდა დაიწყოს.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 53 მილიონი ლარით განისაზღვრა.