უფლებადამცველი ბათუმის მერიას: საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდეთ

900

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ითხოვს, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი გაუზარდონ. როგორც ბაკურიძემ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებს ამცირებს და მეცამეტე ხელფასსაც კი არ უხდის.

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში ათასობით თანხა აუთვისებელი დარჩა და ბათუმის მერია არ ცდილობს, რომ აღნიშნული თანხები საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასების გასაზრდელად გამოიყენოს.

უფლებადამცველი ბათუმის მერიას მოუწოდებს, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდოს და წინასაახალწლოდ პრემია-დანამატები გამოუყოს. თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ხელფასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღების პედაგოგები პრეტენზიებს სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ გამოთქვამენ.

ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასი მიმდინარე წელს 20 პროცენტი გაიზარდა და სამომავლოდ, პედაგოგთა ანაზღაურების კუთხით ღონისძიებები ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაგა–ბაღების თანამშრომლები საახალწლოდ პრემიას მიიღებენ.