“გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე “ბითფურის“ მონაცემთა ცენტრი, საკრებულოს თავმჯდომარის მამის სახელზე რეგისტრირებულ ფართზეა განთავსებული”, – ეს ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” თავად დავით რაზმაძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, კომპანიასთან, რომლის წარმომადგენელიც 2 ამერიკელია, ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა და ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება სწორედ მათ დაიქირავეს. დავით რაზმაძე ამბობს, რომ ყოველთვიურად ფართის გაქირავებიდან მიღებული თანხა 1440 დოლარს შეადგენს.
“ჩვენი ოჯახის საკუთრებაა ფართი, სადაც ბიტკოინების ქარხანა მუშაობს. 3 წლის წინ ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ საერთოდ ამ ტერიტორიის გაყიდვას ვფიქრობდი, მაგრამ ჩემთან მოვიდა პიროვნება, თუ არ ვცდები გვარად ცერცვაძე, როგორც გავარკვიე იმ ამერიკული კომპანიის ქართველიო მენეჯერი და შემომთავაზა ხომ არ გავყიდდი ან გავაქირავებდი ამ ფართს. ის თანხა, რაც დამისახელეს, ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა და მივაქირავე მათ ეს ტერიტორია. ამბობდნენ, რომელიღაც პარლამენტარი ხსნის ამ ობიექტსო, მაგრამ შემდეგ გავარკვიე, რომ ეს ცენტრი ამერიკელების საკუთრება იყო“, – აცხადებს დავით რაზმაძე.
საკრებულოს თავმჯდომარეს აღნიშნული ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციებშიც აქვს მითითებული.
მხოლოდ გასულ წელს ამ ფართის გაქირავებით რაზმაძემ 43 547 ლარი მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ რაზმაძესა და “ბითფურის” მონაცემთა ცენტრს შორის ზეპირი შეთანხმება 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს, აღნიშნული კომპანიისგან საკრებულოს თავმჯდომარეს 3 წელში 51 840 დოლარი აქვს მიღებული.