ირაკლი შიოლაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამორჩენაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვს

1607

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, 10 დეკემბრისთვის ბიუჯეტის ათვისების ისეთი დაბალი მაჩვენებელი, როგორც წელს არის, აქამდე არ ყოფილა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულის სრული ანალიზი და პასუხისმგებლი პირების გამოვლენა უნდა მოხდეს.

“დღეს მოვისმინეთ 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების საკითხი და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ კახეთის მასშტაბით 35 მილიონიდან მხოლოდ 14 მილიონია ათვისებული. ასეთი დაბალი ათვისება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, არც ერთ წელს არ ყოფილა. ანალიზია გასაკეთებელი და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი, რომელთა დაქვემდებარებაში იყო ეს საკითხები. ეს ნიშნავს იმას, რომ ფული არის, მაგრამ სამუშაოები ფიზიკურად არ სრულდება. საჭიროა სრული ანალიზის გაკეთება და გამოიკვეთებიან ადამიანები, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს თანხები ყოფილიყო ათვისებული. ძირითადად საუბარია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. დღეს არის 10 დეკემბერი და ამ დროისთვის წინა წლებში კახეთი ბიუჯეტის შესრულებით 95%-ზე გადიოდა. აქ საუბარია საერთო კოორდინაციაზე, პროფესიონალიზმზე და საუბარია იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო კონტროლქვეშ ყველა მიმართულება, რათა ადამიანებამდე ეს სიკეთეები მისულიყო”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხები, არამედ უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება მომხდარზე. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უნდა შეისწავლოს.