თბილისში, თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ “პირველ არხს” თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს.
სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური თავისუფლების მოედანთან მდებარე სასტუმრო “Luxury Collection-ის” ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, ბოლოს კი – თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ კლუბს დაუკავშირდება.
“მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება რვაადგილიანი, 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 000 ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფს. სრული პროექტის დაგეგმარებასა და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია “დოპელმაიერი“, ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია “არ-ემ-ესი“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.
“ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად მსგავსი პროექტი კომპანია “დოპელმეიერმა“ ჩინეთში, კერძოდ მაკაოში განახორციელა“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.