კობახიძე: პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი

839

წინა სტატია

“პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და ამ პროცესში მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე ისაუბრა.

“თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს მოქალაქეთა ჩართულობაში. თვითმმართველობა არაფერია თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უდიდესი როლი უნდა დაეთმოს. დღეს პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული. მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში.

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი,“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში თვითმმართველობის ჩამოყალიბების და გაძლიერების ეტაპებიც გაიხსენა.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღევანდელ ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს პარლამენტი. სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს. მაშინდელი თვითმმართველობა ეფუძნებოდა უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელიც ამ ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ქომაგი იყო იმ პერიოდში. დღეს ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის იდეებს.

საქართველოში 2004 წელს განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიკაცია და ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში აისახა პირველი ნორმები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ, 2017 წელს კი ეს გარანტიები კიდევ უფრო ქმედითი გახდა. დღევანდელ კონსტიტუციაში ასახული სუბსიდიარობის პრინციპი, ასახულია ყველა ის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა.

თუმცა რა თქმა უნდა, ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა განვითარდეს. ამისათვის არის საჭირო მკაფიო ხედვის არსებობა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის არსებობა და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების და მეტი რესურსების გადაცემას,“ – აღნიშნა კობახიძემ.