საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა, რომლითაც სკოლამდელი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ახალი ვადები განისაზღვრება.
“კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაცია. მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული გვქონდა რომ მუნიციპალიტეტებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ეზრუნათ ეტაპობრივი ავტორიზაციის თაობაზე. ეს ვადა თავის დროზეც მჭიდრო იყო ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ლოგიკური იქნება ამ ვადის 2 წლით გახანგრძლივება, რათა საშუალება მიეცეთ მუნიციპალიტეტებს ამ საკითხის ეტაპობრივად გადაწყვეტა მოახდინონ“, – განაცხადა მომხსენებელმა გედევან ფოფხაძემ.
კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
“ამ კუთხით უკვე გაწეულია უზარმაზარი სამუშაო თუმცა, იმისთვის რომ იყოს სრული მზაობა და ავტორიზაციის პროცესის დაწყებისთვის ჩვენ გვქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები, მიზანშეწონილია აღნიშნული ვადის გახანგრძლივება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.