თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისში პირველი მასშტაბური მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდება, რომელიც 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მთლიანად იანვარ-თებერვალში დასრულდება.
“თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. თბილისის განვითარების ფონდი ძირითადად, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს და თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია, შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე რომელიც ქალაქს გააჩნია: ჩვენი ისტორიული ძეგლები და ისტორიული არეალები. ამ მიმართულებით, ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 70 მილიონი ლარი ჯდება. 20 შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდება, რომელიც დედაქალაქში იქნება ყველაზე დიდი და მასშტაბური ამ ეტაპისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა სამუშაოები ანუ ის კომუნიკაციები, რაც შესაცვლელი იყო, დასრულებულია.
ასევე, ამ პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქაც, 20-მდე შენობა-ნაგებობის აღდგენა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. 15 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აქაც, მიწისქვეშა სამუშაოები ყველაფერი ჩატარებულია და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე გუდიაშვილის მოედანი დასრულებული იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, ძალიან დიდია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული არეალები და ძეგლები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება.