თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს 921 მილიონი ლარი იქნება, რაც სპეც-ტრანსფერების მეშვეობით მილიარდზე მეტი გახდება.
ამასთან, თბილისის მერმა დაასახელა იმ თანხების მოცულობაც, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება.
“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, და ასევე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს იმ მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით მათ მიერ არის გამოხატული. 2019 წლის ბიუჯეტი იქნება 921 მილიონი ლარი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დამატებითი სპეც-ტრანფერებით ბიუჯეტი იქნება მილიარდზე მეტი. აქედან 35% ანუ, დაახლოებით, 327 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 455 მილიონი ლარი დაიხარჯება, ეკოლოგიის მიმართულებით 88 მილიონი გვაქვს განსაზღვრული და გამწვანების მიმართულებით 26 მილიონი ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.