დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი ჯამში 4,100.0 ათასი ლარით იზრდება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის განცხადებით, აღნიშნული თანხები განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასრტუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდება.
„ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), წყლის მიწოდებისა და წყალანირების საქმიანობის სფეროში, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების ქონების გადასახადის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი 2017 წლის იანვრიდან გაგრძელდა 2019 წლის 1 იანვრამდე.
დღესვე საკრებულომ დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით განსაკარგი ქონების ქირის საწყისი წლიური საფასური, ასევე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების ჩამოწერისა და დემონტაჟის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიღების მიზანია, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გამოთავისუფლება ბარაკული ტიპის, ამორტიზებული, სარგებლობისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობებისაგან.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს განკარგულებაში ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმადაც, დგინდება ბაზირების კიდევ ერთი ახალი პუნქტი, რაც უზრუნველყოფს ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას.
საკრებულოს გადაწყვეტილებით შემცირდა ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტები. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბათუმში, ნოე ჟორდანიას ქ.№39-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ცნობილი ქირურგისა და საქართველოს დამსახურებული ექიმის ავნი დიასამიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.
დღესვე, პირადი განცხადების საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს დიმიტრი ჭეიშვილს ვადამდე ადრე შეუწყდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რაც საკრებულოს მიერ ცნობად იქნეს მიღებული.
საკრებულოს სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი დარჩიამ კოლეგებს მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გააცნო, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებას ითვალისწინებს. როგორც დიმიტრი დარჩიამ აღნიშნა, საქართველოში ამჟამად მოქმედი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, გართულებული მშობიარობის მართვასა და ორსულთა პატრონაჟს. პროგრამით მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული, თუმცა, მომავალ დედებზე, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებთან, მაგრამ იმავდროულად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ეს პროგრამა არ ვრცელდება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ფეხმძიმობისა და მშობიარობის პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეოდა. დეპუტატის თქმით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები უნდა ვრცელდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებთან. საკრებულომ აღნიშნული საკანანონმდებლო წინადადება მოიწონა, რის შემდეგაც იგი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს ინფორმაციაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი