დადიანების ეზოს სიახლოვეს ინვესტორს სასტუმროს მშენებლობა სურს

788

ზუგდიდში, დადიანების ეზოს სიახლოვეს შესაძლოა 3 სართულიანი სასტუმრო აშენდეს. ეს სურვილი სასტუმროს კონცეფციასთან ერთად სამშენებლო კომპანია “m²-ის” ადმინისტრაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნო. გეგმის თანახმად ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში, რომელიც 130 ნომერს გააერთიანებს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სასტუმრო ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა დაპროექტდეს. ქალაქს გენგეგმა არ აქვს, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ მასზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება და დასრულების შემდეგ კი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ამ დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება, მათ შორის ახალი სასტუმროს მშენებლობაც.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, გეგმაზე მუშაობა სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობით დაიწყება, დოკუმენტის შემუშავებისთვის კი მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.

“ახალი სასტუმრომშენებლობა, ისევე, როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ”, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერ თემა ბოლომდე არ შეუსწავლიათ და მხოლოდ შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ გაასხვისონ თუ არა მიწა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

“მერია მიესალმება ქალაქის განვითარებას ამ და სხვა მიმართულებით. ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მსგავსი პროეტების განხორციელებას“.