ვანის ქვაბებში სატრაპეზოსთვის კედელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით ამოაშენეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოცემა”სამხრეთის კარიბჭისთვის” გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მშენებლობის ნებართვა 2012 წლის აპრილში სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს გაიცა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო სამუშაოები კი შპს “არქიტექსმა“ შეასრულა. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბებში სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები დაასრულა, იღუმენმა მათე ვაშაყმაძემ აქ მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა ჩასვა. როგორც თავად იღუმენი ამბობს, ამისთვის მას ნებართვა არ აუღია.
„იმ ადგილში, სადაც ახლა სატრაპეზოა, დიდი რაოდენობით წყალი გროვდებოდა და ქვაბული ინესტებოდა. ამიტომ დაგვეთანხმნენ და განახორციელეს. მაშინ ძეგლზე მოაჯირებიც გააკეთეს. კედლის ამოშენების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მასალა [მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა] ჩაგვესვა. აქ ძალიან სველი და ნესტიანი ადგილია. ხის მასალა ადვილად ფორმირებადია, იჟღინთება, მერე აღარც იღება და აღაც იკეტება“, – ასე განმარტა მიღებული გადაწყვეტილება იღუმენმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რაც გახშირებული ქვათაცვენის გამო ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. მონასტრის წინამძღვარი მათე ამბობს, რომ სრულად სამონასტრო კომპლექსის მხოლოდ ის ადგილი უნდა დაიკეტოს, სადაც ქვაბულებია, ეკლესიამდე მისვლა კი ყველას უნდა შეეძლოს, მათ შორის ტურისტებსაც.
ვანის ქვაბები VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია. ის ასპინძიდან 27 კმ-ში სოფელ თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მეტრზე მდებარეობს.