აჭარის ორი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას დისტანციურად შეისწავლიან,- ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი სოფლის მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლება დაინერგება. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. სატესტო გაკვეთილს მოსწავლეებს “ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლები ჩაუტარებენ.
კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ცენტრი მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში ვერ უზრუნველყოფდა კონსულტანტ-მასწავლებლების გაგზავნას, შესაბამისად არ ხდებოდა მოსწავლეთა შეფასება.
ინგლისური ენის დისტანციური სწავლება საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. სამომავლოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენება სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებითაც იგეგმება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქვეპროგრამას “ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ახორციელებს. 2018-2019 სასწავლო წლისთვის ქვეპროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 185 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული.