შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გაზიფიცირების პირველი ეტაპი, რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო, დასრულდა.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთს მოიცავს. გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ მონაკვეთზე განთავსდა. პროექტი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის მშენებლობის ღირებულება 25 768 251 ლარია. სამუშაოები შპს “ენერჯი ინვესტი2009-მა” განახორციელა.
ხოლო, მეორე ეტაპის პროექტირება, რომელიც შუახევი-გოდერძის უღელტეხილის 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს, უკვე დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპის მშენებლობა ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.
“მე ძალიან ხშირად მომისმენია, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და მთავარ პრიორიტეტებში ყოველთვის ჩანდა, რომ სწორედ გაზიფიცირება არის ის, რასაც თქვენ ასე ელოდით და მოითხოვდით ჩვენგან.
საინჟინრო თვალსაზრისით, პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ რთული, კომპლექსური და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უნდა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა გახლავთ სწორედ გაზიფიცირება.
მეორე ეტაპისთვის გამოყოფილია 30 მილიონი ლარი და როგორც შეგპირდით, 2020 წლისთვის უკვე გოდერძის უღელტეხილამდე მივა ჩვენი მილსადენები და დამატებით 15 000 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირის მიღებას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.