ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა, მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ საკრებულოს სხდომაზე ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასა და მისი გორის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხს დაუჭირა მხარი.
როგორც ირკვევა, ერთი კვირით ადრე, ქალაქ გორის საკრებულოს წევრებმა საქართველოს მთავრობის სახელზე მოამზადეს მიმართვა, სადაც ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან აღნიშნულ ინიციატივაზე და გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნონ. განცხადებას, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, ვანო ჩხიკვაძეც აწერს ხელს.
როგორც ჩხიკვაძე განმარტავს, გადაწყვეტილების შეცვლა ერთ კვირაში კი არა, ერთ საათშიც შესაძლებელია. ის კარგად გაეცნო საკითხს და სწორედ ამიტომ შეიცვალა პოზიცია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “დიას” ეთერში განაცხადა.
თუ რატომ უნდა გაუქმდეს გორი, როგორც თვითმმართველი ქალაქი, ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამჟამად ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები კულტურულ ღონისძიებებს ცალ-ცალკე ატარებენ, რაც მას არ მოსწონს. მაგალითად კი ვარიანში გოგებაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასახელებს. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები “კომუნისტების დროს” უფრო პომპეზურად აღინიშნებოდა. “კომუნისტების დროს გოგებაშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქიც და სოფელიც ერთად აღნიშნავდა”, – ამბობს ჩხიკვაძე. აღმოჩნდა, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვანო ჩხიკვაძემ ერთ კვირაში გადაწყვეტილება შეცვალა და თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას დაუჭირა მხარი.